logo
ENG



პუტინი უკრაინაში NATO-ს ჯარის გაგზავნის შემთხვევაში დასავლეთს "ტრაგიკული" შედეგით ემუქრება

29 თებ 202415:07
3 წუთის საკითხავი
 
2024/02/29/7fbu2k9mdqajp25.jpg

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ფედერალური საბჭოს წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას, რომლის თანახმადაც, უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა "არ უნდა გამოირიცხოს".

პუტინს ყოველწლიური გამოსვლის დროს არ უხსენებია კონკრეტულად მაკრონი, თუმცა თქვა, რომ "ახსოვთ მათი ბედი, ვინც ოდესღაც რუსეთის ტერიტორიაზე თავისი კონტინგენტი გაგზავნა". ის უკრაინაში NATO-ს კონტინგენტის გაგზავნის შემთხვევაში, გაცილებით უფრო ტრაგიკული შედეგებით დაიმუქრა.

მან დასავლეთი მთელ მსოფლიოში კონფლიქტის გაღვივებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ რუსეთის ნაცვლად, დასავლეთს სჭირდება სივრცე, რომელიც "სულს ღაფავს". პუტინი კვლავ ირწმუნება, რომ კონფლიქტები უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში სწორედ დასავლეთის ქვეყნების პროვოცირებულია და ისინი "აგრძელებენ ტყუილს, ყოველგვარი სირცხვილის გარეშე, თითქოს რუსეთი ევროპაზე თავდასხმას გეგმავს".

"ამასთან, ისინი თავად არჩევენ სამიზნეებს ჩვენს ტერიტორიაზე იერიშების მისატანად, ირჩევენ დამარცხების, როგორც თავად ფიქრობენ, უფრო ეფექტიან საშუალებებსაც, საუბარი დაიწყეს უკრაინაში NATO-ს კონტინგენტის შესაძლო გაგზავნაზე.

ჩვენ გვახსოვს მათი ბედი, ვინც ოდესღაც თავისი კონტინგენტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე გამოგზავნა. თუმცა ახლა შესაძლო თავდამსხმელებისთვის შედეგები ბევრად უფრო ტრაგიკული იქნება. მათ უნდა ესმოდეთ, რომ ჩვენც გვაქვს იარაღი, რომელსაც შეუძლია მათ ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება.

ყველაფერი, რასაც ისინი ახლა იგონებენ, რომლითაც აშინებენ მთელ მსოფლიოს, ეს ყველაფერი მართლაც ემუქრება ბირთვული იარაღის გამოყენებას კონფლიქტში, შესაბამისად, ცივილიზაციის განადგურებას", - განაცხადა პუტინმა.

27 თებერვალს საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინაში დასავლური ჯარების გაგზავნა არ უნდა გამოირიცხოს. მისი თქმით, არ არსებობს კონსენსუსი უკრაინაში სახმელეთო ჯარების ოფიციალურად გაგზავნაზე, მაგრამ გამორიცხული არაფერია.

მოგვიანებით, კრემლში განაცხადეს, რომ თუ NATO უკრაინაში ჯარებს გაგზავნის, რუსეთთან შეტაკება გარდაუვალი იქნება. კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, NATO-ს წევრ ქვეყნებსა და რუსეთს შორის პირდაპირი შეტაკება ალიანსის ინტერესებში არ შედის.

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინაში ჯარების გაგზავნას არ გეგმავს.


close დახურვა